რემონტისას ან მშენებლობისას ყველა ფიქრობს დივნის ზომაზე, კედლის ფერზე და ავეჯის განლაგებაზე.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა იმ დივანზე ჯდებით და ლეპტოპის დამუხტვა გჭირდებათ? ან როცა გინდათ რბილი, მყუდრო განათება, მაგრამ სანათისთვის ახლოს როზეტი არ არის?
ყოველდღიურად მიწევს სივრცის გეგმარებაზე მუშაობა.
ერთი შეხედვით, გეგმარება შეიძლება უბრალოდ ბრტყელ, ორგანზომილებიან ნახაზად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.
გეგმარებაზე მუშაობისას, მე მხოლოდ კედლებს, ავეჯს და ოთახების ზომებს არ ვაწყობ. მე ვაპროექტებ სივრცის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ლამაზად შესრულებული გეგმა მხოლოდ საწყისი ჩარჩოა.
ელექტროობის გეგმა კი ის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ იმუშავებს სივრცე.
თუ როზეტების, ჩამრთველების, განათებისა და ტექნიკის ადგილები მხოლოდ რემონტის პროცესში წყდება, შედეგი ხშირად ხდება მოუხერხებელი, დაუგეგმავი და სავსე კომპრომისებით.
მოდით ვნახოთ, რატომ არ არის გეგმარება სრულყოფილი ელექტროობის წინასწარ გააზრებული სტრატეგიის გარეშე.
გაუაზრებელი სივრცე, რომელიც დისკომფორტად იქცევა

ეს არის პროექტი, რომელიც 2026 წლის თებერვალში ჩავაბარე.
თავისთავად, ეს გეგმარება ძალიან კარგად გამოიყურება.
მასში ჩანს სივრცის ლოგიკა, ავეჯის განლაგება, ოთახების ზომები და ძირითადი არქიტექტურული ელემენტები. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი დასრულებულია.
მაგრამ მართლა ასეა?
მთავარ საძინებელში (03) სად არის საწოლთან საკითხავი სანათის ჩამრთველი?
ან მისაღებ სივრცეში — სად არის განათების დამატებითი წყარო?
ხშირად მხოლოდ ჭერის განათებაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. დამატებითი სანათები (კედლის, ან იატაკზე სადგამი) სივრცეს უფრო თბილსა და მყურდოს ხდიან.
სად არის ამისთვის საჭირო როზეტი?
შეგვიძლია დივნის ბოლოში, აივნის კართან ახლოს, იატაკის სანათი განვათავსოთ. მაგრამ სად მოვათავსებთ კვების წერტილს?
თუ ამავე დივანზე მუშაობა მოგინდათ და ლეპტოპის შეერთებაც დაგჭირდათ, რას ვაკეთებთ?
ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დივანთან ახლოს იატაკში ორი როზეტიც კი დაგვჭირდეს — ერთი სანათისთვის და მეორე ლეპტოპის დამტენისთვის!
ხშირად ვხედავ გეგმარებებს, სადაც განათების სქემა ნაჩვენებია, მაგრამ არ არის გააზრებული ჩამრთველები სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით.
საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რომ ლამაზ, ღია ტიპის მისაღებში ლეპტოპის დამტები ხალიჩაზეა გადაჭიმული.
სწორედ ამიტომ, ავეჯის გეგმა — თუნდაც განათების სქემასთან ერთად — მაინც არასრულია, თუ მასზე როზეტების ადგილები არ არის ნაჩვენები.
ახლა კი ვნახოთ, რა ხდის გეგმარებას ნამდვილად დასრულებულს.

აქ ხედავთ განათების გეგმას როზეტებთან ერთად.
ხაზები აჩვენებს, რომელი როზეტი რომელ განათების ელემენტს უკავშირდება.
ზოგჯერ ერთი განათების წყარო ორ სხვადასხვა ჩამრთველზეა მიბმული.
ეს შემთხვევითი არ არის.
ეს არის სივრცის გამოყენების სცენარის წინასწარ დაგეგმვა.
მაგალითად, სახლში დაბრუნდით და დერეფანში შუქი აანთეთ.
მოგვიანებით საძინებელში შეხვედით დასაძინებლად. ამ შემთხვევაში შუქის გამორთვა უკვე საძინებლის კართან არსებული ჩამრთველიდანაც შეგიძლიათ, ისე რომ სიბნელეში სიარული არ მოგიწიოთ.
იგივე პრინციპი მოქმედებს დივნის ზონაშიც.
როგორც ხედავთ, განათების გეგმაში დივანთან ახლოს ორი როზეტია გათვალისწინებული — ერთი იატაკის სანათისთვის, მეორე კი ლეპტოპის დამტენისთვის.
სწორედ ასეთი წინასწარ გააზრებული დეტალები ქმნის სივრცეს, რომელიც მხოლოდ ლამაზად კი არ გამოიყურება, არამედ რეალურადაც კარგად მუშაობს.
რამდენიმე პრაქტიკული წესი ელექტროობის სწორად დაგეგმვისთვის
1. იატაკის როზეტები მეტ თავისუფლებას გაძლევთ
ღია ტიპის გეგმარების მისაღები სივრცე ძალიან ლამაზია, მაგრამ ხშირად ერთი პრობლემა აქვს: ოთახის შუაში დენის წყარო.
თუ დივანი, სავარძელი ან სამუშაო კუთხე კედლიდან მოშორებით დგას, სად უნდა ჩართოთ იატაკის სანათი? სად დატენით ლეპტოპს ან ტელეფონს?
ამ დროს იატაკის როზეტი ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტაა.
როდესაც გეგმარებას ვაკეთებ, მხოლოდ ავეჯის განლაგებას არ ვუყურებ. ვფიქრობ იმაზეც, როგორ გამოიყენებთ სივრცეს ყოველდღიურად: სად დაჯდებით, სად წაიკითხავთ, სად იმუშავებთ, სად დაგჭირდებათ რბილი განათება.
მყუდრო და კარგად დაგეგმილი განათებისთვის მხოლოდ ჭერის განათება საკმარისი არ არის. ხშირად საჭიროა მაგიდის სანათი, იატაკის სანათი ან დეკორატიული განათება კონკრეტულ ზონაში.
თუ როზეტები წინასწარ სწორ ადგილას დაიგეგმა, აღარ მოგიწევთ დამაგრძელებლის გამოყენება და ხალიჩაზე კაბელების გაჭიმვა. სივრცე რჩება სუფთა, უსაფრთხო და ესთეტიკური.
სწორედ ამიტომ, ელექტროობის გეგმა არქიტექტურულ გეგმარებასთან ერთად უნდა დამუშავდეს და არა შუა რემონტისას.
იატაკის როზეტები ბოლო წუთის დეტალი არ არის. მათი გათვალისწინება ხშირად საჭიროა ჯერ კიდევ შავი სამუშაოების ეტაპზე, სანამ იატაკის საფარი და საბოლოო მასალები შეირჩევა.
შეჯამება
არ დაკმაყოფილდეთ „ნახევრად დასრულებული“ გეგმით.
თქვენი ინვესტიცია მხოლოდ ლამაზ განლაგებაზე მეტს იმსახურებს. მას სჭირდება კარგად გააზრებული გეგმა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას კომფორტულს, პრაქტიკულს და ესთეტიკურს გახდის.
დავგეგმოთ თქვენი შემდეგი პროექტი ისე, რომ ყველა დეტალი ერთმანეთთან იყოს შეთანხმებული: პირველი ჩამრთველიდან ბოლო სამზარეულოს როზეტამდე.
