არქიტექტორები ხშირად ვისმენთ ხოლმე რომ 60 კვ.მ -მდე შენობა არის “უფასო” და მას შეთანხმება ან მშენებლობის ნებართვის აღება არ სჭირდება.

ეს გაურკვევლობა განპირობებულია იმით, რომ 60კვ.მ-მდე შენობა-ნაგებობას (რომელიც არის 1 კლასის ობიექტი) არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა.

ეს ნიშნავს იმას, რომ არ იხდით მერიის სახელმწიფო მოსაკრებელს (კ2 კოეფიციენტზე 4 ლარს) და არ გადიხართ სამ სტადიას, რომელიც მშენებლობის ნებართვისთვისაა საჭირო (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის, კონსტრუქციული ან/და
ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა).

მიუხედავად ამისა, აუცილებელია გაიცეს არქიტექტურის სამსახურის მიერ წერილობითი თანხმობა, რის საფუძველზეც ააშენებთ 60კვ.მ-მდე ნებისმიერი ფუნქციის შენობას.

ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს დაწყებამდე, მაგალითად ფასადის შეკეთების, ღობის ან გისოსის გაკეთების, ან ახალი შენობის აშენების დროს, საჭიროა არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობა ან მშენებლობის ნებართვა. რომელი მათგანი დაგჭირდებათ, დამოკიდებულია იმაზე, რა სამუშაო უნდა ჩატარდეს და რა ტიპის შენობაზეა საუბარი.

პირველი კლასის მშენებლობისთვის დაშვებულია გამარტივებული წესი (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 94) – სჭირდება განაცხადის გაგზავნა არქიტექტურის სამახურში არქიტექტორის მიერ მომზადებული შესაბამისი დოკუმენტაციით (ესკიზი), ხოლო პასუხს მიიღებთ 5 სამუშაო დღეში.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება.

ამ გავრცელებული გაურკვევლობის გამო ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა ბლოგ პოსტი, სადაც მაქსიმალურად მარტივად ავხსნიდი პირველი, მეორე და მესამე კლასის მშენებლობისთვის საჭირო ინფორმაციას.

მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება №255-ში, ანდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. თუმცა, აუცილებლად გაეცანით დანართებს, სადაც არის დამატებები და ცვლილებები.

ერთ რამ ცხადია: არ დაიწყოთ სარეკონსტრუქციო ან სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ არ გექნებათ საჭირო თანხმობა ან მშენებლობის ნებართვა.

მშენებლობის კლასები: ზოგადი მიმოხილვა

კლასირას ნიშნავსრისკის დონე
I კლასიშენობა-ნაგებობა, რომელიც ძალიან მცირე საფრთხესთან არის დაკავშირებულიუმნიშვნელო რისკი
II კლასიშენობა-ნაგებობა, რომელიც მცირე საფრთხესთან არის დაკავშირებულიდაბალი რისკი
III კლასიშენობა-ნაგებობა, რომელსაც საშუალო დონის საფრთხე შეიძლება ჰქონდესსაშუალო რისკი
IV კლასიშენობა-ნაგებობა, რომელიც მაღალი საფრთხის შემცველიამაღალი რისკი
V კლასიშენობა-ნაგებობა, რომელიც მომეტებულ ტექნიკურ საფრთხეს შეიცავსმომეტებული ტექნიკური საფრთხე

შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების და პარამეტრების მიხედვით.

I კლასის მშენებლობა

რა მიეკუთვნება პირველ კლასს?

პირველ კლასს მიეკუთვნება შენობა-ნაგებობა, რომელიც ძალიან მცირე საფრთხესთან არის დაკავშირებული.

უფრო კონკრეტულად, პრაქტიკაში:

I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლებია:

ა) 60 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 20 მ​3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 6 მ-ისა;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ​2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ი) დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი, ელექტროგადამცემი  ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე;

კ) ლანდშაფტური მშენებლობა;

ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;

მ) ბანკომატის განთავსება;

ნ) საჩრდილობლის მოწყობა;

ო) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;

პ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;

ჟ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;

რ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ​3-მდე მოცულობის და არაუმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;

ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ​​3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა;

ტ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;

უ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;

ფ) აბრებისა და რეკლამების განთავსება;

ქ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი;

ღ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

რა დოკუმენტაციაა წარსადგენი

პირველი კლასის მშენებლობისთვის დაშვებულია გამარტივებული წესი (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 94) – სჭირდება განაცხადის გაგზავნა არქიტექტურის სამახურში არქიტექტორის მიერ მომზადებული შესაბამისი დოკუმენტაციით (ესკიზი), ხოლო პასუხს მიიღებთ 5 სამუშაო დღეში.

მშენებლობის მარტივი შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მშენებლობის დეტალური შეტყობინების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის ვადაში.

რას მოიცავს არქიტექტურული ესკიზი?

255-ე დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, არქიტექტურული ესკიზი, რომელსაც წარადგენთ პირველი კლასის მშენებლობისთვის, მოიცავს:

ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობითსივრცითი დაგეგმარების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ);
გ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის:
გ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობს;
გ.გ) შენობა-ნაგებობის ფართობს;
გ.დ) შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს;
დ) მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების,
ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს, მიწის
ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების და სხვა ასპექტების ასახვით);
ე) შენობა-ნაგებობის ფასადების სქემატურ ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების
ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის
ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით, ასევე, ფასადებზე გამოყენებული ძირითადი
მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);

საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:


ა) მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური გეგმა სათანადო
დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით) ან/და ორთოფოტოგეგმა;
ბ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელი სქემატური ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის,
ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების,
გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით);
გ) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის სქემატური გეგმები (საკადასტრო საზღვრის
პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური
ნიშნულების ჩვენებით);
დ) შენობა-ნაგებობის აქსონომეტრიული ნახაზი ან/და ფოტომონტაჟი (ძირითადი მოსაპირკეთებელი
მასალისა და მათი ფერების მითითებით).

მე-2 კლასის მშენებლობა

II კლასის შენობანაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები

ა) 500 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 60 მ​3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2.2 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 7 მ-ისა;

ე) 1000 მ​​3-მდე მოცულობის წყალსაცავი;

ვ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ​3-მდე.

რა არის საჭირო?

წინა საპროექტო კვლევა:

წინასაპროექტო კვლევის ჩატარების მიზანია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება.

წინასაპროექტო კვლევა უნდა განხორციელდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისთვის და არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის  შედგენისთვის.

წინასაპროექტო კვლევა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა) ტოპოგრაფიული კვლევა:

ბ) არსებული შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევა;

გ) განაშენიანების კვლევა;

დ) დოკუმენტური კვლევა;

ე) მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევა;

ვ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.

კვლევის მომზადების შემდეგ უკვე განაცხადი შეგაქვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე, ხოლო განაცხადს უნდა დაურთოთ:

ა) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები), ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემ­თხვევაში – სათანადო რწმუნებულება;

გ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით;

დ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგო­მარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);

ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა) დადგენილი მასშტაბით;

ვ) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;

ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

არქიტექტურული პრეოქტი

არქიტექტურული პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;

ბ) სარჩევს;

გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს;

დ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრის და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ);

ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის:

ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;

ე.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობს;

ე.გ) დადგენილი, არსებული და გამოყენებული კ1-ის, კ2-ის (თითოეული სართულის მიხედვით) და კ3-ის მაჩვენებლებს და მათ საანგარიშო ფართობებს;

ე.დ) შენობა-ნაგებობის ფართობს და არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელ, საოფისე-კომერციულ, ავტოსადგომების, სასაწყობო, საერთო სარგებლობის (მათ შორის, კიბის უჯრედების, სადარბაზოების) და სხვა დამხმარე სივრცეების (მათ შორის, საზაფხულო) ფართობებს;

ე.ე) შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს.

ვ) მიწის ნაკვეთის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, გაბარიტული და ღერძულა ზომების, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, აბსოლუტური ჰორიზონტალური (კანონმდებლობით განსხვავებულ კოორდინატთა სისტემაში) და ვერტიკალური ნიშნულების, მიწის ნაკვეთის გამწვანების და სხვა ასპექტების ასახვით);

ზ) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, გაბარიტული, ღერძულა  და გარე არქიტექტურული ნაწილების ზომების, იატაკის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულებისა და ნულოვანი ნიშნულის აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში ჩვენებით);

თ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, სართულებისა და არქიტექტურული ნაწილების მიხედვით ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში ჩვენებით);

ი) შენობა-ნაგებობის ფასადების ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, სართულებისა და არქიტექტურული ნაწილების მიხედვით ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში ჩვენებით, ასევე, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);

კ) შენობა-ნაგებობის აქსონომეტრიულ ნახაზს ან/და ფოტომონტაჟს (მოსაპირკეთებელ სამშენებლო მასალებისა და ფერების მითითებით).

2. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს: მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით) ან/და ორთოფოტოგეგმა, მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა, ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა, საკადასტრო საზღვრების გარეთ გათვალისწინებულ სამუშაოებზე (მაგალითად ტროტუარის მოპირკეთების, არსებული პანდუსის ცვლილება) და ტერიტორიის ორგანიზების სხვა ასპექტების ამსახველი ნახაზები.

3. საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ფასადის ნახაზზე უნდა აისახოს ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალის ზომები, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის სქემატური ფასადი (მაგ., ქუჩის განშლა).

4. საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გეგმა დამუშავებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

მე-3 კლასის მშენებლობა

III კლასის შენობანაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები

ა) 500 მ​2-დან 6000 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 60 მ​3-დან 200 მ​3-მდე მოცულობის, 15 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 15 მ-დან 20 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) შენობა-ნაგებობაში დამონტაჟებული ვერტიკალური, დახრილი ან/და ჰორიზონტალური გადაადგილების მექანიკური საშუალება;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 7 მ-ზე და ნაკლებია ან ტოლია 12 მ-ისა;

ე) ხაზობრივი ნაგებობები – 10-დან 25 ატმოსფერომდე 500 მმ-დან-1400 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600-დან 1500 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა წარმადობით 1 მ​3-მდე წმ-ში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან/და ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი, 100 მმ.-ზე მეტი შიდა დიამეტრის საშუალო წნევის გაზსადენი, ასევე ყველა მაღალი წნევის გაზსადენი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის, წარმადობით 500 მ​​3/სთ-მდე;

ვ) ელექტროქვესადგური 35 კ.ვოლტი და 110 კ.ვოლტი; III (ჰიდროელექტროსადგური 1000 კვტ-დან 10 000 კვტ-მდე, ქარის ელექტროსადგური) და IV კატეგორიის (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-დან 1000 კვტ-მდე, გეოთერმული ელექტროსადგური) ელექტროსადგურები;

ზ) წყალსაცავი 1000 მ​3-დან 10 000 მ​3-მდე მოცულობისა;

თ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები ავზების ჯამური მოცულობით 100 მ​3-დან 500 მ​3-მდე;

ი) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ​3/სთ-მდე.

მე-3 კლასის მშენებლობას ესაჭიროება დეტალური არქიტექტურული პროექტი და სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც ცალკე ბლოგ პოსტს მივუძღვნი მომავალში.

შეჯამება

60 კვ.მ-მდე შენობა შეიძლება არ საჭიროებდეს მშენებლობის ნებართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი აშენება შეთანხმების გარეშე შეიძლება. პირველი კლასის მშენებლობისთვის, როგორც წესი, საჭიროა არქიტექტურის სამსახურში განაცხადის გაგზავნა და წერილობითი თანხმობის მიღება. მეორე და მესამე კლასის მშენებლობის შემთხვევაში პროცესი უფრო რთულია და საჭირო ხდება უფრო დეტალური დოკუმენტაციის მომზადება. ამიტომ, სანამ მშენებლობას, რეკონსტრუქციას, ღობის მოწყობას ან სხვა მსგავს სამუშაოს დაიწყებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, რომელი კლასის სამუშაოსთან გაქვთ საქმე და რა ტიპის ნებართვა ან თანხმობა გჭირდებათ. ასე თავიდან აირიდებთ უსიამოვნო პრობლემებს, ჯარიმებს და უკანონო მშენებლობას.