მინდა გაგიზიაროთ ცოტა ხნის წინ გაკეთებული სამზარეულოს სივრცის გეგმარების პროექტი და ვისაუბრო იმის შესახებ, რა ლოგიკით შევქმენი ეს ვერსიები.
არსებული სიტუაცია
დამკვეთი ახალგაზრდა წყვილია ბავშვებით, რომელთაგან ორი სპეცალური საჭიროებითაა და აუცილებელია მათთვის შესაბამისი გადაადგილების სივრცის დაგეგმვა. მათი სახლი ამჟამად შენდება. ხოდა, სანამ მიაღწევენ სამზარეულომდე, დამკვეთს უნდოდა უკეთესად გადაეწყვიტა სივრცე.
სახლს ადრე გაკეთებული პროექტის მიხედვით აშენებენ, თუმცა, სამზარეულოს თაობაზე ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ და ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემთან თანამშრომლობა.
სამუშაოს მოცულობა, რაზეც შევთანხმდით, მოიცავდა სამზარეულოს და მისაღების გეგმარების სამ თავდაპირველ ვერსიას, საერთო ონლაინ შეხვედრას და ვერსიების გავლას, და არჩეულ ვერსიაზე 3დ მოცულობის დამუშავებას ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე.
მთავარი მიზანი იყო ის, რომ სამზარეულოს გადაწყვეტა აღქმადი ყოფილიყო.


საწყისი ვერსიები
ვერსია #1

ამ ვერსიაში გადავწყვიტე შემეთავაზებინა შემოსასვლელი სივრცის და სამზარეულოს პირდაპირი კავშირი. ლოგიკა მარტივია: საყიდლებით დატვირთული ჩანთებით შემოსასვლელიდან პირდაპირ სამზარეულოში მაცივართან მოხვედრა უახლოესი შესაძლებელი გზით.
ამ და ყველა მომდევნო ვერსიაში სამზარეულოს ნიჟარა განთავსებულია არსებული ფანჯრის ცენტრში ონკანით. ასევე, შევთავაზე, ფანჯრის ღიობის შეცვლა სიმაღლეში, ისევე როგორც ამ ფოროებზეა ნაჩვენები, რომლებიც სამაგალითოთ მოვიძიე.
ასევე, წყვეტილი ხაზით ნაჩვენები მაქვს ეტლის გადაადგილებისთვის საჭრო რადიუსი.
ვერსია #2

ამ ვერსიაში შენარჩუნებულია ძველი პროექტით გათვალისწინებული სამოძრაო ტრაექტორია – საერთო ოთახის გავლით. სამზარეულოს სივრცეში შემოსვლისას მარჯვნივ არის კედელში ჩაშენებული მაცივრის და ღუმელის მაღალი ერთეულები, ხოლო პირდაპირ გვხვდება ბარი და სასადილო მაგიდა.
ფანჯრის ცენტრში განთავსებულია ონკანი და პერპენდიკულარულად – გაზქურა.
ეს ვერსია აღმოჩნდა ის, რომელიც ყველაზე მეტად მისაღები იყო დამკვეთისთვის.
შემოსასვლელ სივრცეში იქნება მთელ სიმაღლეზე კარადა (დაშტრიხული) და მას მოჰყვება ჩამოსაჯდომი, რომლის ქვემოთაც იქნება ფეხსაცმლის შესანახი ადგილი.








ვერსია #3

ამ ვერსიაში სასადილო მაგიდა დგას კედლის პირისპირ და, ფაქტიურად, საზღვრავს სამზარეულოს საერთო ოთახისგან.
სამზარეულო გვაქვს U – ფორმის გეგმით და ონკანი – ისევ ფანჯრის ცენტრში.
ვერსია #4

ამ ვერსიაში ნაჩვენები მაქვს სამზარეულოს პატარა სასადილო კუთხე ე.წ. kitchen nook, თუმცა კუთხეს ვერ დავარქმევთ – ჩამოსაჯდომი მიუყვება კედელს სწორხაზოვნად.
ვერსია #5

ეს არის რაღაცნაირად იდეების კომბინირებული ვერსია: ნაჩვენები მაქვს გასასვლელი მთავარი შემოსასვლელი კარიდან სამზარეულოს მიმართულებით, ასევე, ნაჩვენებია ბარი და სამზარეულოს სასადილო/სასაუზმე კუთხე – ამჯერად შეგვიძლია ნამდვილად კუთხე ვუწოდოთ.
ჩემი რჩეული ვერსია იქებოდა ეს, თუმცა ყველა ოჯახს აქვს საკუთარი დღის წესრიგი, ჩვეულებები და მოთხოვნები და მათი სამზარეულოც სწორედ მათზე უნდა იყოს მორგებული.
შერჩეული ვერსია (ვერსია #2) არ იყო უნაკლო. მას შემდეგ, რაც ავაწყე მოცულობა და ვაჩვენე დამკვეთს, მათ გაიაზრეს რომ არ ექნებოდათ საკმარისი შესანახი სათავსოები სამზარეულოში.

ამის გადასაწყვეტად, ჩემი აზრით, არის შემდეგი გზა: შემცირდეს ფანჯრის სიმაღლე და ზემოთ გაკეთდეს კარადები. ფანჯრის მთლიანად გაუქმება ჩემი აზრით საჭირო არ არის, რადგან ის სივრცეს განსაკუთრებულობას და დღის სინათლეს მატებს.
